Skip to main content
thumb-Vi-sao-an-uong-co-GI-thap-co-loi-cho-me-bau

II ტრიმესტრი - ჯანსაღი კვება

ორსულობის დადგომისთანავე რეკომენდირებულია კოფეინის და ალკოჰოლის შეცველი სასმელების მოხმარების შეზღუდვა,რადგან ორივე მათგანი უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფის თავის ტვინის განვითარებაზე.მაქსიმალურად შეეცადეთ პროდუქტების ბაქტერიებისაგან გაუვნებელყოფას,არ მიიღოთ დაუმუშავებელი,უმი ხორცეული და თევზეული.

კალციუმი

იმისათვის,რომ თქვენი პატარას ძვლები,კბილები,გულ–სისხლძარღვთა სისტემა და ცნს ნორმალურად ჩამოყალიბდეს,აუცილებელია ორსულობის პერიოდში კალციუმის დღიური ნორმის,1000 – 1200 მილიგრამის,პერმანენტული მიღება.კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის პროდუქტები,თუმცა შეეცადეთ თავი აარიდოთ არაპასტერიზებულ საკვებს,რადგან დიდია ბაქტერიებით ინვაზიის შანსი.

რკინა

ორსულობის პერიოდში აუცილებელია ჰემოგლობინის მუდმივი კონტროლი.ორგანიზმი დღეში საჭიროებს 27 მგ. რკინას,მინერალს,რომელიც წამყვანი ფაქტორია სისხლწარმოქმნის პროცესში.რკინა დიდი რაოდენობითაა თევზეულსა და ხორცპროდუქტებში. რკინით მდიდარი მცენარეული პროდუქტებია: პარკოსნები, ბოსტნეული და მარცვლეული. შეეცადეთ თქვენს მენიუში შეზღუდოთ საქონლის ღვიძლი,რადგან იგი დიდი რაოდენობით ვიტამინ A-ს შეიცავს.

ცილა

ცილა ორგანიზმის საშენი მასალაა და უცილობლად პირველხარისხოვანია ნორმალური ზრდისათვის.მუცლადყოფნის პერიოდში აუცილებელია დღე–ღამეში 70 გრ. ცილის პერმანენტული მიღება. ცილებით მდიდარია პარკოსნები,თევზეული,ხორცპროდუქტები,სოიო,კვერცხი,რძე და რძის პროდუქტები.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა მინერალია,რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისა და გენური მუტაციისაგან იცავს.სხვადასხვა თანდაყოლილი მანკების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დღეში 600 მკგ(მიკროგრამი) ფოლიუმის მჟავას მიღება. ფოლიუმის მჟავით მდიდარია კომბოსტო,ლობიო,ბროკოლი,ბანანი და ფორთოხალი.

ვიტამინი B

ვიტამინი B ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას,ამსუბუქებს ორსულებში ტოქსიკოზის სიმპტომებს. B ჯგუფის უმნიშვნელოვანესი ვიტამინებია: ვიტამინი B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B6 (პირიდოქსინი) და B12 (ციანკობალამინი). B ვიტამინის ბუნებრივი წყაროებია: პური, ბურღულეული, მარცვლეულისგან, პარკოსნებისა და ბარდისგან დამზადებული პროდუქტები.

ორგანიზმი B ჯგუფის ვიტამინებს შემდეგი პროპორციით გამოიყენებს:

ვიტამინი B1: 1,4 მგ (მილიგრამი)

ვიტამინი B2: 1,4 მგ (მილიგრამი)

ვიტამინი B6: 1,9 მგ (მილიგრამი)

ვიტამინი B12: 2,6 მკგ (მიკროგრამი)

ვიტამინი C

ასკორბინისმჟავა უმნიშვნელოვანესი ვიტამინია,იგი იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან,ჩართულია კრებსის ციკლში და ხელს უწყობს რკინის აბსორბციას.ორგანიზმი დღე–ღამეში საჭიროებს 85 მგ (მილიგრამ) ასკორბინმჟავას.ვიტამინი C–ს ბუნებრივი მაღალი შემცველობით გამოირჩევა ციტრუსის ხილი, მაგალითად, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი და ბოსტნეული, მაგალითად, ბროკოლი და კომბოსტო.

ვიტამინი D

ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციას,ამიტომ მისი მიღება აუცილებელია რაქიტის პროფილაქტიკისა და ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის.ორგანიზმი დღიურად საჭიროებს 200 სე D ვიტამინს ,რომლითაც მდიდარია თევზის ქონი, თევზი, კვერცხი, რძე და მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტები.

ქოლინი

ქოლინი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისა და გენური მუტაციისაგან იცავს.სხვადასხვა თანდაყოლილი მანკების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დღეში 450 მგ (მილიგრამი) ქოლინის მიღება. ქოლინს დიდი რაოდენობით შეიცავს ისპანახი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები და თევზეული.